ყველაფერი საბურავებზე, რაც უნდა იცოდეთ.
შეადარეთ ზაფხულის, ზამთრის და ყველა სეზონის საბურავები, გაიგე DOT კოდის მნიშვნელობა და მიიღეთ რჩევები საბურავის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.

ზაფხულის, ზამთრის და ყველა სეზონის საბურავები
სწორი საბურავის შერჩევა გადამწყვეტია უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის. საბურავების სამი ძირითადი ტიპი არსებობს: ზაფხულის, ზამთრის და ყველა სეზონის. თითოეულ მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.
ზაფხულის საბურავები შექმნილია მაღალი ტემპერატურის, მშრალი და სველი გზებისთვის. ისინი დამზადებულია მყარი რეზინის ნარევისგან, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ მოჭიდებასა და სტაბილურობას ცხელ ამინდში.
დადებითი: უკეთესი მოჭიდება მშრალ და სველ გზაზე, მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, და ნაკლები საწვავის მოხმარება.
უარყოფითი: კარგავს მოჭიდებას დაბალ ტემპერატურაზე (7°C-ზე ქვემოთ) და სწრაფად ცვდება ცივ ამინდში.
ზამთრის საბურავები შექმნილია დაბალი ტემპერატურის, თოვლისა და ყინულის პირობებში მგზავრობისთვის. მათი რეზინის შემადგენლობა უფრო რბილია, რაც მათ საშუალებას აძლევს, არ გამაგრდნენ სიცივეში. პროტექტორის ღრმა ღარები კი ეფექტურად ეკვრის თოვლიან გზას.
დადებითი: უმაღლესი მოჭიდება თოვლზე, ყინულზე და ცივ, სველ გზაზე. აუმჯობესებს დამუხრუჭების მანძილს.
უარყოფითი: სწრაფად ცვდება მაღალ ტემპერატურაზე და ზრდის საწვავის მოხმარებას. ხმაურიანია მშრალ გზაზე.
ყველა სეზონის საბურავები (ან All-Season) კომპრომისული ვარიანტია. ისინი აერთიანებს ზაფხულისა და ზამთრის საბურავების თვისებებს, რაც საშუალებას გაძლევთ, მათი გამოყენება მთელი წლის განმავლობაში შეძლოთ.
დადებითი: პრაქტიკული და ეკონომიურია, რადგან არ საჭიროებს სეზონურ შეცვლას. გთავაზობთ მისაღებ მოჭიდებას როგორც ზაფხულში, ასევე მსუბუქ ზამთარში.
უარყოფითი: არცერთ პირობებში არ აქვს ისეთი მაღალი ეფექტურობა, როგორც სპეციალიზებულ საბურავებს. არ არის რეკომენდებული ძლიერი თოვლის ან ყინულის პირობებში.
როგორ გავიგოთ საბურავის წელი (DOT კოდი)
საბურავის გამოშვების თარიღის გაგება მარტივია და მას DOT კოდის საშუალებით ვადგენთ. DOT (Department of Transportation) კოდი არის ათნიშნა სიმბოლოების კომბინაცია, რომლის ბოლო ოთხი ციფრი გვაძლევს ინფორმაციას გამოშვების თარიღზე.
როგორ წავიკითხოთ DOT კოდი
საბურავის გვერდზე იპოვეთ DOT კოდი, რომელიც, როგორც წესი, იწყება ასოებით "DOT" და მთავრდება ოთხი ციფრით. ეს ოთხი ციფრი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემი.
პირველი ორი ციფრი აღნიშნავს კვირის რიგითობას.
ბოლო ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს.
მაგალითად, თუ DOT კოდის ბოლო ოთხი ციფრია 2522, ეს ნიშნავს, რომ საბურავი გამოშვებულია 2022 წლის 25-ე კვირას.
რჩევები საბურავების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად
1. რეგულარულად შეამოწმეთ წნევა
საბურავებში წნევის ოპტიმალური დონე გადამწყვეტია. ძალიან დაბალი წნევა იწვევს საბურავის არათანაბარ ცვეთას, ზრდის საწვავის მოხმარებას და აუარესებს მართვადობას, ხოლო ზედმეტად მაღალი წნევა ამცირებს მოჭიდებას და ზრდის ცვეთას ცენტრალურ ნაწილში.
როგორ შევამოწმოთ: გამოიყენეთ წნევის საზომი (მანომეტრი) და შეამოწმეთ წნევა თვეში ერთხელ მაინც, სასურველია, საბურავები ცივი იყოს (მგზავრობის დაწყებამდე).
ოპტიმალური წნევა: ინფორმაცია სწორი წნევის შესახებ შეგიძლიათ იპოვოთ ავტომობილის მფლობელის სახელმძღვანელოში, მძღოლის კარის ჩარჩოზე, ან საწვავის ავზის თავსახურზე.
2. შეასრულეთ საბურავების როტაცია
ავტომობილის წინა და უკანა საბურავები არათანაბრად ცვდება. საბურავების როტაცია (მათი ადგილების პერიოდული შეცვლა) უზრუნველყოფს თანაბარ ცვეთას და ახანგრძლივებს მათ სიცოცხლეს.
რამდენად ხშირად: რეკომენდებულია საბურავების როტაციის შესრულება ყოველ 10,000-12,000 კილომეტრზე.
3. შეამოწმეთ ბალანსირება და განშლა (რაზვალი)
სწორი ბალანსირება აუცილებელია იმისათვის, რომ საბურავები შეუფერხებლად ბრუნავდეს და თავიდან იქნას აცილებული ვიბრაცია საჭეზე. განშლა (რაზვალი) კი უზრუნველყოფს საბურავების სწორ კუთხეს გზასთან მიმართებაში.
რატომ არის მნიშვნელოვანი: არასწორი განშლა იწვევს საბურავის გვერდების სწრაფ და არათანაბარ ცვეთას. რეკომენდებულია შემოწმება წელიწადში ერთხელ მაინც, ან თუკი მანქანამ ძლიერად დაარტყა ორმოს ან ბორდიურს.
4. მართეთ ფრთხილად
თქვენი მართვის სტილი პირდაპირ გავლენას ახდენს საბურავების სიცოცხლეზე. მოერიდეთ მკვეთრ დამუხრუჭებას, სწრაფ მოსახვევებს და მოულოდნელ დაძვრას. ეს ქმედებები არა მხოლოდ საბურავებს აზიანებს, არამედ საშიშიცაა. ასევე, ეცადეთ, მოარიდოთ ავტომობილი ორმოებს და ბორდიურებზე მკვეთრად ასვლას.
5. დაიცავით საბურავები არასწორი შენახვისგან
თუ სეზონური საბურავები გაქვთ, მათი სწორად შენახვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
სად შევინახოთ: შეინახეთ გრილ, მშრალ და ბნელ ადგილას, სადაც არ ხვდება მზის პირდაპირი სხივები. მზე და სიცხე აზიანებს რეზინის სტრუქტურას.
როგორ შევინახოთ: უმჯობესია, საბურავები ვერტიკალურად დააწყოთ, რათა თავიდან აიცილოთ დეფორმაცია.
საქართველოს კანონმდებლობა: საბურავები და ტექნიკური ინსპექტირება
საქართველოს კანონმდებლობა ავტომობილის უსაფრთხოებას დიდ ყურადღებას უთმობს. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (ტექდათვალიერება) დროს, საბურავები მკაცრად მოწმდება რამდენიმე კრიტერიუმით:
პროტექტორის სიღრმე: კანონით დადგენილი მინიმალური სიღრმე 1.6 მმ-ია. თუკი საბურავის პროტექტორი ამ ნორმაზე ნაკლებია, მანქანა ინსპექტირებას ვერ გაივლის.
დაზიანებები: საბურავი არ უნდა იყოს დაზიანებული, გახეთქილი ან ჰქონდეს ამობურცულობა. ასეთი დეფექტები უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ზომა და ტიპი: ერთი ღერძის საბურავები აუცილებლად ერთი ზომისა და ტიპის (მაგალითად, ზაფხულის) უნდა იყოს. ასევე, საბურავის ზომა უნდა შეესაბამებოდეს მწარმოებლის რეკომენდაციებს.
გამოშვების წელი: საბურავის გამოშვებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელზე მეტი.
ზამთრის საბურავების ვალდებულება მაღალმთიან რეგიონებში
2024 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილება საქართველოს კანონში, რომელიც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს დაემატა. ეს ცვლილება ავალდებულებს მძღოლებს, რომ 15 ნოემბრიდან 15 მარტამდე, მაღალმთიან რეგიონებში, ავტომობილები აღჭურვონ ზამთრის საბურავებით, კონკრეტულად, კანონი ითვალისწინებს, რომ:
ზამთრის საბურავები სავალდებულო ხდება საქართველოს მთის კანონით განსაზღვრულ დასახლებებში და ასევე იმ რეგიონებში, სადაც ტემპერატურა ხშირად ეცემა ნულს ქვემოთ.
თუკი ავტომობილი არ არის აღჭურვილი ზამთრის საბურავებით, მისი ექსპლუატაცია აღნიშნულ პერიოდსა და ტერიტორიებზე იკრძალება.
თუ ხშირად გიწევთ მაღალმთიან რეგიონებში მოძრაობა, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რეგულაცია, რადგან ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაჯარიმდებით 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეგიმცირდებათ 5 ქულით.
Max
ტეგები
კომენტარის დასაწერად გაიაეთ ავტორიზაცია
შესვლადაწერეთ პირველი კომენტარი!